გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას გააორმაგოს ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიანი ოჯახებისთვის
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას გააორმაგოს ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიანი ოჯახებისთვის

 

გავერთიანდეთ და შევქმნათ ინკლუზიური და ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემო. ერთად ჩვენ შევძლებთ!


თბილისი, 3 დეკემბერი, 2012 წ. – დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა და მისი არსებობის ოცი წლისთავზე იუნისეფი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მნიშვნელობაზე, რათა შეიქმნას უფრო მეტად ინკლუზიური გარემო.

 
ამ დღის აღნიშვნის ფონზე იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და გააორმაგოს ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლოების მქონე ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად, ბავშვთა მიტოვების პრევენციისათვის და მათ მიმართ სტიგმის შესამცირებლად.  უაღრესად მნიშვნელოვანია დღის ცენტრებისა და ადრეული ჩარევის მომსახურების ხელშეწყობა იმ ოჯახებისთვის, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ცხოვრობენ, ასევე  ადგილობრივ დონეზე სერვისების რაოდენობისა და სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია მსოფლიოში უმცირესობათა შორის, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი, ცხოვრობს რაიმე ტიპის შეზღუდული შესაძლებლობებით.  მათ რიცხვში, მიახლოებით, 93 მილიონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია, რომელიც განიცდის დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა ასპექტში.


წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა „ბარიერების მოხსნა ინკლუზიური და ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად“. იუნისეფი მოუწოდებს პარტნიორებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას, რათა მოწოდება რეალობად იქცეს. იუნისეფი მუშაობს მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით, მთავრობებთან, დონორებთან, გაეროს სააგენტოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ შეიქმნას ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემო  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. იუნისეფს მიაჩნია, რომ ინკლუზიური საზოგადოება არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის არის სასარგებლო, არამედ მთელი მოსახლეობისათვის.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი ოჯახებისთვის ბარიერები არსებობს სხვადასხვა ფორმით, მათ შორისაა, მაგალითად, უარყოფითი დამოკიდებულება, პოლიტიკა და კანონმდებლობა, რომელიც დისკრიმინაციული ხასიათისაა და არ არის ინკლუზიური, ან ფიზიკური გარემო, რომელიც არ არის შესაბამისი. იქნება ეს სკოლაში მიღება თუ სათამაშო მოედანზე დაშვება, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, აუცილებელი კვება თუ საგანგებო სიტუაციების დროს დახმარება – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ბარიერს აწყდებიან ყოველდღიურად, რაც ხელს უშლის მათ თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 2008 წელს,  აღიარებს, რომ ხშირად ეს ბარიერები უფრო მეტად ხელისშემშლელია, ვიდრე თავად ინდივიდის შეზღუდული შესაძლებლობა.


იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის ტონი ლეიკის სიტყვებით, „წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყველა ბავშვი ჩართულია... ყველა მონაწილეობს. სადაც მათი ნიჭი და წვლილი აღიარებულია, სადაც მათ ანგარიშს უწევენ. სწორედ ამ გარემოს შესაქმნელად მუშაობს იუნისეფი.“


„ერთად ჩვენ შევძლებთ!“

                                    

 

 


გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ


გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი, მსოფლიოს 190 ქვეყანაში მუშაობს და ცდილობს დაიცვას  ბავშვების უფლება სიცოცხლისა და განვითარებისათვის. განვითარებადი ქვეყნებისათვის ვაქცინების მსოფლიოს უდიდესი მიმწოდებელი მხარს უჭერს ბავშვის ჯანსაღ განვითარებასა და კვებას, სასმელის წყლის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფას, ყველა ბიჭისა და გოგონასთვის განათლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას ძალადობის, ექსპლუატაციისა და აივ/შიდსისაგან. იუნისეფი მთლიანად ფინანსდება კერძო პირების, ბიზნესმენების, ფონდებისა და მთავრობების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. 

 

***

 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 99) 53 30 71
ელ-ფოსტა:
mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect